ფოტოგალერეა 6 სურათი


ვახტანგ კახიძე



კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი,
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიუსი ორკესტრის მთავარი დირიჟორი.

ოფიციალური ვებგვერდი: vakhtangkakhidze.com



ვახტანგ კახიძე დაიბადა თბილისში 1959 წელს მუსიკოსების ოჯახში. მუსიკის სწავლა მან 6 წლის ასაკში დაიწყო, როგორც პიანისტმა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები – ნიკოლაი სიდელნიკოვი (კომპოზიცია), ედისონ დენისოვი (ინსტრუმენტობა) და სხვანი. 1988-89 წლებში იგი ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამამისის, მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორის – ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით.
1989 წელს ვახტანგ კახიძემ დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა – მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც იგი დირიჟორობდა საკუთარი ბალეტის - “ამორძალების” წარმოდგენებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში. 1993 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სიმფონიურ ორკესტრში დირიჟორად. საკონცერტო გამოსვლების გარდა მან ორკესტრთან ერთად ჩაწერა 25 ლაზერული დისკი ხვადასხვა უცხოური ხმისჩამწერი კომპანიებისთვის.
2002 წელს იგი გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამასთანავე იგი ხელმძღვანელობს ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს `შემოდგომის თბილისი~, რომელიც მასპინძლობს ცნობილ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
2004 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საგასტროლო მოგზაურობები რუსეთსა და იტალიაში, სადაც ჩაატარა კონცერტები ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა: კონსერვატორიის დიდი დარბაზი (მოსკოვი), ფილარმონიის დარბაზი (პეტერბურგი), კონსერვატორიის ვერდის სახელობის დარბაზი (მილანი), სანტა ჩეჩილიას მუსიკალური აკადემიის ახალი საკონცერტო დარბაზი (რომი), საკონცერტო დარბაზები მერანოში, ბარიში და სხვა ქალაქებში. 2011 წელს მან ორკესტრთან ერთად გამართა კონცერტები ბერლინის ფილარმონიისა და ჰერცლიისა და აშდოდის (ისრაელი) საკონცერტო დარბაზებში.
ვახტანგ კახიძე გამოდიოდა ისეთ ცნობილ მუსიკალურ კოლექტივებთან როგორებიცაა: პრაღის სიმფონიური ორკესტრი, სიმფონიური ორკესტრი “ახალი რუსეთი” (სამხ. ხელმძღვანელი ი. ბაშმეტი), პეკინის სიმფონიური ორკესტრი, კიევის სიმფონიური ორკესტრი, პარიზის სამების ეკლესიის გუნდი და ორკესტრი, ისრაელის კამერული ორკესტრი, ისრაელის კამერატა (იერუსალიმი), კამერული ანსამბლები `დელ არტე~ (გერმანია), `მოსკოვის სოლისტები~ და `კრემერატა ბალტიკა~.
იგი თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: გიდონ კრემერი, იური ბაშმეტი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ნატალია გუტმანი, ალექსანდრე კნიაზევი, მიშელ ლეგრანი, დიდიე ლოკვუდი, იან გარბარეკი, გარი ჰოფმანი, მიშელ ლეტიეკი, ფრანსუა ლელო, ლიზა ბათიაშვილი, ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, ლექსო თორაძე, ხატია ბუნიათიშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ხოსე კარერასი, ლადო ათანელი, იანო თამარი,, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე და სხვა. ასევე, გამოდის სცენაზე ისეთ მსოფლიო ვარსკლავებთან ერთად როგორიცაა ბობ ჯეიმსი, ივან ლინსი, პატი ოსტინი, The Manhattan Transfer, Take6 and NEw York Voices.
როგორც კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე მოღვაწეობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში. მისი ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვში, პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ფინეთში, ბრიტანეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში. აგრეთვე იგი აქტიურად მოღვაწეობს კინოსა და თეატრში, არის ჯაზური კომპოზიციებისა და საესტრადო სიმღერების ავტორი.

ვახტანგ კახიძე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია:
1981 წელს – პირველი პრემია საბჭოთა კავშირის ქვეყნების
ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსზე.
1997 წელს – თბილისის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი
“გაზაფხული” ხელოვნების სფეროში. განსაკუთრებული მიღწევებისათვის
საქართველოს კინო აკადემიის პრიზი “ნატო” კინო ფილმის საუკეთესო მუსიკისათვის.
1998, 2005, 2013 წ.წ. – საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრიზი
დრამატული სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისათვის.
2000 წელს – საქართველოს `ღირსების ორდენი~.
2010 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
2015 წელს - ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია

www.vakhtangkakhidze.com