ჯანსუღ კახიძე
გამოჩენილი ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი და მომღერალი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). საქართველოს და სსრკ-ს სახალხო არტისტი.
ჯანსუღ კახიძე - დაიბადა 1935 წლის 26 მაისს ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლა. პარალელურად დაამთავრა ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა (საფორტეპიანო განყოფილება). 1958 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, ხოლო 1963 წელს კი ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სპეციალობით პროფ. ო.დიმიტრიადის კლასში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მან გაიარა სტაჟირება მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორ იგორ მარკევიჩთან.
ჯ.კახიძის შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში. 1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი. 1957 წელს მან, პირველად საქართველოში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი “შვიდკაცა”, რომელიც იმავე წელს გახდა მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი, ხოლო 1958 წელს კი ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, საიდანაც ასევე ოქროს მედლებით დაჯილდოვებული დაბრუნდა.
1957-62 წლებში ჯ.კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1962-71 წლებში იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რიგითი, ხოლო 1965-68 წლებში კი მთავარი დირიჟორი იყო. 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში, სადაც მან განახორციელა რამდენიმე საოპერო და საბალეტო დადგმა. აღსანიშნავია,, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში ქართული ოპერა პირველად დაიდგა საზღვერგარეთ – ეს იყო ზ.ფალიაშვილის “აბესალომი და ეთერი”.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1973 წელს იგი ხდება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ამ კოლექტივში მისი მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე (1993 წლამდე) ორკესტრმა იმოგზაურა გასტროლებით სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში: 1973წ.-ლენინგრადი, 1974წ.-ერევანი, პოლონეთი, 1975წ.-მოსკოვი, 1976წ.-რიგა, რუმინეთი, მოსკოვი, ლენინგრადი, 1977წ.-ერევანი, 1979წ.-მოსკოვი, ლენინგრადი, ტალინი, 1980წ.-ლიტვა, 1982წ.-ლენინგრადი, ლვოვი, კიევი, 1983წ.-შუა აზია, მოსკოვი (გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი), 1984წ.- ნოვოსიბირსკი, ვლადივოსტოკი, ხაბაროვსკი, 1985წ.-მოსკოვი, ვილნიუსი, რიგა, ლენინგრადი, ერევანი, 1986წ.-პოლონეთი, 1988წ.-დას.ბერლინი, კიშინიოვი, 1989წ.-გდრ, ფინეთი, 1991წ.-დიდი ბრიტანეთი.
1993 წელს ჯ.კახიძემ ჩამოაყალიბა ახალი სიმფონიური ორკესტრი “თბილისის სიმფონიური ორკესტრი”, რომელსაც გარდაცვალებამდე (2002) ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით ამ კოლექტივმა წარმატებით იმოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებით: 1994წ.-საფრანგეთი, შვეიცარია, 1996წ.-თურქეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, შვეიცარია. 2000 წელს გერმანია, 2001 წელს საფრანგეთი. ამავე დროს ორკესტრი აწარმოებდა აუდიო ჩაწერებს უცხოური ხმის ჩამწერი კომპანიებისათვის.
1982-2002 წლებში ჯ. კახიძე სათავეში ედგა აგრეთვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. მისი ხელმძღვანელობით თეატრში დაიდგა საოპერო სპექტაკლები: რ. შტრაუსის “სალომე”, მოცარტის “დონ ჟუანი”, მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი”, ვერდის “ტრუბადური”, “ოტელო”, “რიგოლეტო”, მასკანის 'სოფლის პატიოსნება', პუჩინის 'ჯანი სკიკი', დონიცეტის 'სიყვარულის ნექტარი', ჩაიკოვსკის “პიკის ქალი', პროკოფიევის “ცეცხლოვანი ანგელოზი”, “სიყვარული სამი ფორთოხლისადმი”, “დუენია”, ფალიაშვილის “აბესალომი და ეთერი”, ყანჩელის “და არს მუსიკა”, კვერნაძის “იყო მერვესა წელსა”, “კოლხთა ასული”. თეატრს ჰქონდა გასტროლები მოსკოვში, გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტაზე.
1989 წელს ჯ. კახიძის ინიციატივით და ძალისხმევით თბილისში გაიხსნა სიმფონიური მუსიკის ახალი დარბაზი დ. აღმაშენებლის 125-ში. ამ დარბაზის ბაზაზე ჩამოყალიბდა თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი, რომელიც გვევლინება დედაქალაქის საკონცერტო ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად. ჯ.კახიძე ამ ცენტრის პრეზიდენტი გახლდათ გარდაცვალების დღემდე (2002). 1993 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ დაარსდა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”. ფესტივალი აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ფოლკლორის კონცერტებს. ყოველწლიურად მისი სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. ფესტივალმა მოიპოვა დიდი პოპულარობა და მიჩნეულია ერთ-ერთ მაღალმხატვრულ მოვლენად თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, მუსიკისა და კულტურის ცენტრში შეიქმნა მაღალტექნიკური ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც უკვე რამდენიმე წელია წარმოებს ქართველი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების შემოქმედების აღბეჭდვა ლაზერულ კომპაქტ დისკებზე. ეს პროდუქცია გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვექნის მუსიკალური კულტურის პროპაგანდას მსოფლიოში.
2000 წელს ჯანსუღ კახიძემ ხორცი შეასხა თავის დიდი ხნის ოცნებას და თბილისის მუსიკალური ცენტრის ბაზაზე ჩამოაყალიბა პირველი პროფესიული ბიჭუნათა გუნდი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კლასიკური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.
2002 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და მიმდებარე ბაღს ჯანსუღ კახიძის სახელი ეწოდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯ.კახიძის, როგორც დირიჟორის მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ. 1971 წლიდან მან გამართა გასტროლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში:
რუსეთი – მოსკოვი, პეტერბურგი (თითქმის ყოველ წელს)
პოლონეთი – ვარშავა, ლოძი, კრაკოვი, კატოვიცე (1971-1980 წწ.)
ჩეხოსლოვაკია – პრაღა, ბრატისლავა (1979-1989 და 1999 წწ.)
უნგრეთი – ბუდაპეშტი (1978 წწ.)
ბულგარეთი – სოფია (1985 წ.)
დიდი ბრიტანეთი – ლონდონი, ბირმინჰემი, გლაზგო, ედინბურგი (1988-1991 წწ.)
გერმანია – ბერლინი, ლაიფციგი, დრეზდენი, მიუნხენი, შტუტგარტი,
ფრანკფურტი, ჰანოვერი, დორტმუნდი (1969-2000წწ.)
ნიდერლანდები – ამსტერდამი, ჰააგა, უტრეხტი (1977-1996 წწ.)
საფრანგეთი – პარიზი, ლიონი, ლილი, მარსელი, მონტე-კარლო (1991-2001 წწ.)
ბელგია – ბრუსელი, ანტვერპენი (1995 წ.)
შვეიცარია – ბაზელი (1994 წ.)
იტალია – რომი, მილანი, ბოლონია, ტურინი, ფლორენცია, გენუა, ვენეცია, პარმა,
ტრიესტი, პალერმო (1991- 2002 წწ.)
ესპანეთი – მადრიდი, ხიხონი, ავილესი (1994-95 წწ.)
პორტუგალია – ლისაბონი (1998 წ.)
საბერძნეთი – ათენი (1991-2002 წწ.)
თურქეთი – სტამბული, ანკარა, იზმირი (1987-1999 წწ.)
ფინეთი – ჰელსინკი (1981-1987 წწ.)
შვედეთი – სტოკჰოლმი, გიოტებურგი (1986-1992 წწ.)
იაპონია – ტოკიო (1986 წ.)
ბრაზილია – სან-პაულო (2000 წ.)
აშშ – ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ბოსტონი, დეტროიტი, დალასი, მილუოკი,
სან-დიეგო (1988-2000 წწ.)
ავსტრალია – სიდნეი, ბოსტონი, ადელაიდა (1990-1993 წწ.)
იგი მართავდა კონცერტებს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში როგორიცაა: ლონდონის საფესტივალო დარბაზი, პარიზის სალ პლეიელის საკონცერტო დარბაზი და ელისეს ველების თეატრი, მილანის ლასკალას თეატრი, რომის წმ. სესილის აკადემიის მუსიკალური აკადემიის დარბაზი, ამსტერდამის კონცერხებაუ, ბერლინის ფილარმონია, ლაიფციგის გევანდჰაუზი, ათენის მეგარონის საკონცერტო დარბაზი, ნიუ იორკის ლინკოლნის ცენტრი, სიდნეის ოპერა, მელბურნის ფილარმონია, ტოკიოს ბუნკამარა და ბევრი სხვა.
იგი გამოდიოდა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან როგორიცაა:
სანქტ-პეტერბურიგს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი
მოსკოვის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი
პრაღის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი
ბოსტონის სიმფონიური ორკესტრი
ვაშინგტონის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი
სან დიეგოს სიმფონიური ორკესტრი,
დალასის სიმფონიური ორკესტრი
დეტროიტის სიმფონიური ორკესტრი
მელბურნისა და სიდნეის სიმფონიური ორკესტრები,
ლონდონის ფილარმონიის ორკესტრი
ბირმინჰემის სიმფონიური ორკესტრი
ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი
შოტლანდიის ნაციონალური სამეფო ორკესტრი
პარიზის სიმფონიური ორკესტრი
საფრანგეთის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი
ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი,
გევანდჰაუზის სიმფონიური ორკესტრი
დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრი
გერმანიის სიმფონიური ორკესტრი
ლასკალას სიმფონიური ორკესტრი
წმინდა სესილის მუსიკალური აკადემიის სიმფონიური ორკესტრი
რომის ნაციონალური ოპერის ორკესტრი
გენუის ოპერის ორკესტრი
ბოლონიის ოპერის ორკესტრი
ტოსკანის სიმფონიური ორკესტრი
ამსტერდამის ფილარმონიის ორკესტრი
ჰააგის ფილარმონიის ორკესტრი
ვრედენბურგის რადიო-ფილარმონიის ორკესტრი
მისი სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.
მასთან თანამშრომლობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები:
ფორტეპიანო
ფრეირი, პოგორელიჩი, კუპერი, დონაჰიუ, ლეგრანი, ბლეკშოუ, დუშაბლი, რუდი, ლეონსკაია, ნეიჰაუზი, კერერი, კრაინევი, პლეტნიოვი, პეტროვი, გავრილოვი, ალექსეევი, ვიარდო, ოვჩინიკოვი, სლობოდიანიკი, კისინი, ვირსალაძე, თორაძე, კორსანტია, ამირეჯიბი, ანჯაფარიძე, დოიჯაშვილი, ბოლქვაძე, ვაჩნაძე და მრავალი სხვა.
ვიოლინო
ოისტრახი, კაგანი, სპივაკოვი, ტრეტიაკოვი, რეპინი, ვენგეროვი, კრემერი, პესკანოვი, რახლინი, მახტინი, გლუზმანი, სიტკოვეცკი, ბერლინსკი, ჩებოტარიოვა, ლოკვუდი, ისაკაძე, მ. და ნ. იაშვილი, ბათიაშვილი, მდინარაძე და მრავალი სხვა.
ჩელო
როსტროპოვიჩი, გუტმანი, მაისკი, კნიაზევი, მონიგეტი, გაბარაშვილი.
ალტი
ბაშმეტი
ჩასაბერი ინსტრუმენტები
გარბარეკი, ლეტიეკი, ბრუნერი
ვოკალისტები
მარკი, დიმიტროვა, მარტინუჩი, ატლანტოვი, ობრაზცოვა, სოტკილავა, ქასრაშვილი, ანჯაფარიძე, ანდღულაძე, ტატიშივილი, ჭყონია, ბურჭულაძე, მაისურაძე, ალიბეგაშვილი, ათანელი, ლამორისი, ჯავახიშვილი, გუგუშვილი, გამგებელი, ხომერიკი, გურგენიძე, შომახია, ონიანი, სურგულაძე და მრავალი სხვა.
ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. გასული საუკუნის 60_90 -იანი წლები სამართლიანად არის მიჩნეული ქართული კინოს აღმავლობის ხანად. თითქმის არ არსებობს ამ წლების განმავლობაში საქართველოში გადაღებული ფილმი, რომლის მუსიკის ჩაწერასაც არ უდირიჟორა ჯანსუღ კახიძემ. ასევე ვრცელია ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რომლებშიც ჯ. კახიძე გვევლინება როგორც მომღერალი.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ უკვე 50-იანი წლებიდან იგი ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობას. ხმის ფენომენისადმი მისმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, შეუზღუდავმა ვოკალურმა მონაცემებმა და იმპროვიზაციის ამოუწურავმა ნიჭმა განაპირობა ის, რომ საკომპოზიტორო შემოქმედებაში მან პრიორიტეტი მიანიჭა ერთის მხრივ სასიმღერო ჟანრს, ხოლო მეორეს მხრივ საგუნდო მუსიკას. თავდაპირველად იქმნებოდა სიმღერები და რომანსები, შემდეგ საგუნდო ნაწარმოებები, ამას მოჰყვა სხვადასხვა თეატრებში არაერთი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, მაგრამ მისი როგორც კომპოზიტორის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი კინომ ითამაშა. 70-იანი წლებიდან მოყოლებული იგი ბევრი კინორეჟისორის მიერ იქნა მიწვეული როგორც კომპოზიტორი, რის შედეგადაც მან 40-ზე მეტი ფილმისათვის დაწერა მუსიკა. სწორედ ამ ფილმებიდანაა მის მიერ შექმნილი 100-მდე სიმღერის უმრავლესობა, რომლებმაც ავტორს მოუტანეს საკომპოზიტორო აღიარება და დიდი პოპულარობა. ეს სიმღერები ხშირად სრულდება საკონცერტო ესტრადაზე და რაც კომპოზიტორისათვის ყველაზე საამაყოა – ხალხში.
ჯანსუღ კახიძე თავის თავს უპირველეს ყოვლისა დირიჟორად თვლიდა. როგორც თვითონ ხშრად ამბობდა მუსიკის წერა მისთვის „ჰობი“ იყო. საბედნიეროდ მის სიცოცხლეშივე ნათლად გამოჩნდა, რომ მისი თქმით „გართობის“, სინამდვილეში კი ურთულესი შემოქმედებითი ძიების პროცესისა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის შერწყმის შედეგად მან მიაღწია კომპოზიტორისთვის მთავარს – თვითმყოფადობას, იპოვნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მუსიკლაური ენა და გამომსახველობითი საშუალებები. გამორიცხულია, რომ ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ნაწარმოებები, შემდგომში ვერ ამოიცნოს მისი გამორჩეული საკომპოზიტორო ხელწერა.
ჯანსუღ კახიძე თავისი და სხვა კომპოზიტორების, ასევე უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. მას ჰქონდა საოცარი მომხიბვლელობის მქონე, ფართო რეგისტრული დიაპაზონის ხმა, იმპროვიზირების თავისებური, მეტად საინტერესო მანერა. უნდა ითქვას, რომ სიმღერას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მრავალმხრივი მუსიკოსის ჩამოყალიბების პროცესზე. მისი სიმღერები არა მარტო საქართველოშია აღიარებული - ცნობილმა მუსიკოსმა, ჯაზ საქსოფონისტმა იან გარბარეკმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ჰანგი - „მთაწმინდის მთვარე“ შეიტანა თავის ჩანაწერების ალბომში „ ღიტეს” და აღფრთოვანებას გამოთქვამდა ჯანსუღის სიმღერით.
1977 წელს ჯანსუღ კახიძე დააჯილდოვეს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით. 1978 წელს მას მიენიჭა საქართველოს, ხოლო 1985 წელს კი სსრკ-ს სახალხო არტისტის წოდებები. 1995 წელს მას გადაეცა თბილისის მერიის სპეციალური პრიზი კულტურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. 1996 წელს იგი გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. გარდა ამისა იგი ქალაქ ლოძის (პოლონეთი) საპატიო მოქალაქეა.
ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა თბილისში, 2002 წლის 7 მარტს. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრს და მის მიმდებარე ბაღს ეწოდა მისი სახელი. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს მუსიკალურმა საზოგადოებამ მიანიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.