საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აერთიანებს კალსიკური მუსიკის სხვადასხვა ჟანრების, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე „შემოდგომის თბილისი' ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ – ბევრი სოლისტი თუ მუსიკალური კოლექტივი იჩენს მასში მონაწილეობის სურვილს.
ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით. გარდა ამისა ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.
ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ. ფესტივალის სტუმრებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ნელსონ ფრეირი, იური ბაშმეტი, ნატალია გუტმანი, ვადიმ რეპინი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ლიზა ლეონსკაია, ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, მიშელ ლეტიეკი, ფრანსუა ლელო, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, გენადი როჟდესტვენსკი, მიშელ ლეგრანი, დიდიე ლოკვუდი, იან გარბარეკი,, ლა სკალას საოპერო თეატრის კამერული ორკესტრი, ისრაელის კამერატა იერუსალიმი, 'მოსკოვის სოლისტები'. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობას.